ოკუპირებული ცხინვალის ახლად არჩეული მარიონეტი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის თქმით, ის სრულად უჭერს მხარს რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას, თუმცა მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს თარიღის დანიშვნის გამო აკრიტიკებს.
"მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და ხალხის მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში. სხვა საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია რეფერენდუმის შესახებ განკარგულების გამოცემა და მისი ჩატარების დაჩქარება". – თქვა გაგლოვემა სააგენტო Рес-სთან ინტერვიუში.
გაგლოევმა ბიბილოვის მიერ ე.წ. რეფერენდუმის 17 ივლისს ჩანიშვნის შესახებ თქვა, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი მასთან, "რადგან [ბიბილოვმა] იცოდა, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფერენდუმისთვის რიგი ღონისძიებები, მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში".
"ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?" – თქვა გაგლოევმა.
გაგლოვემა ასევე ისაუბრა კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ბიბილოვის განკარგულება კითხვებს აჩენს, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება კოორდინირებულად მიღებული რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო შედეგების თანახმად პარტია ნიხასის ლიდერი, ალან გაგლოევი გახდა. მოქმედმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება.