ოკუპირებული ცხინვალი

ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა

sova.news

ოკუპირებული ცხინვალის მოქმედმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. როგორც ბიბილოვის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მან ეს გადაწყვეტილება ცხინვალის მოსახლეობის რუსეთთან გაერთიანების ისტორიული სურვილიდან გამომდინარე მიიღო.

"მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების?" - ასეთი იქნება ე.წ. რეფერენდუმზე დასმული კითხვა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო შედეგების თანახმად პარტია ნიხასის ლიდერი, ალან გაგლოევი გახდა. მოქმედმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება.

ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით ალან გაგლოევმა თქვა, რომ მისი ჩატარება ცალმხრივი პროცესი არ არის. გაგლოევმა რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრითაა დაკავებული, ხოლო როგორც კი სიგნალი იქნებოდა, რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდებოდა.

კომენტარები