ოკუპირებული ცხინვალი

პესკოვი ოკუპირებული ცხინვალის შეერთებაზე: ამჟამად რუსეთი ამ საკითხზე არ მუშაობს

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შეერთების საკითხზე არ მუშაობს.

"რამდენადაც გვესმის, ეს ნამდვილად არის რესპუბლიკაში არსებული საერთო განწყობის ამსახველი, რესპუბლიკის მაცხოვრებლებისა და ამ რესპუბლიკის წინა მეთაურის დამოკიდებულების ამსახველი. თუმცა, ამჟამად რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე არანაირი ქმედება არ ტარდება". – თქვა პესკოვმა ყოფილი მარიონეტი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ 2022 წლის 17 ივლისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის დანიშნვასთან დაკავშირებით. 

კითხვაზე, თვლიან თუ არა კრემლში ამგვარი რეფერნდუმის არსებულ ვითარებაში დანიშვნას მიზანშეწონილად, პესკოვმა უპასუხა, რომ "ეს, უპირველეს ყოვლისა, რესპუბლიკის მოსახლებისა და ამჟამინდელი ხელისუფლების საკითხია და აუცილებელია მათ მოსაზრებაზე ორიენტირება". 

ანატოლი ბიბილოვმა, მმართველობის ბოლო დღეებში, 13 მაისს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი დაასახელა

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა მან ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ნაჩქარევად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

აქამდე გაგლოევმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ცალმხრივი არაა და მის ჩასატარებლად ისინი რუსეთის მხრიდან ნიშანს უნდა დალოდებოდნენ.

"ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთის ფედერაცია დაკავებულია გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრით, ატარებს სეპცოპერაციას უკრაინაში ნეონაცისტური წარმონაქმნების განადგურებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. როგორც კი სიგნალი იქნება, როგორც კი გავიგებთ, რომ დრო დადგა, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს". – ამობდა გაგლოევი.

ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ე.წ. არჩევნებში დამარცხდა, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთისთვის შეერთებასა და ორი რეფერენდუმის დანიშვნას გეგმავდა. პირველი ე.წ. რეფერენდუმით, მას რუსეთთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა სურდა, მეორეთი კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება ერთიანი ფედერაციული სუბიექტის შექმნა.

კომენტარები