რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: აზოვსტალის ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა

REUTERS/Alexander Ermochenko

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლში ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან თითქმის 1 000 უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა.

უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქარხანაში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და აზოვის პოლკის 694 მებრძოლი ჩაბარდა, 16 მაისს კი აზოვსტალიდან 265 სამხედრო გაიყვანეს.

16 მაისიდან მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ასობით უკრაინელი მებრძოლის ევაკუაცია პრორუსული ძალების თანხლებით დაიწყო. ისინი ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები