რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: მარიუპოლის მცველებმა მისია შეასრულეს, ნაბრძანებია სიცოცხლის შენარჩუნება

მარიუპოლის მცველები
როიტერსი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლის გარნიზონმა დაასრულა საბრძოლო მისია  და ქვედანაყოფების მეთაურებს დაევალათ პერსონალის სიცოცხლის გადარჩენა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალარიმ Facebook-ზე ვიდეომიმართვაში თქვა. 

"მარიუპოლის გარნიზონმა დაასრულა საბრძოლო მისია. უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ უბრძანა აზოვსტალში განლაგებული ქვედანაყოფების მეთაურებს, გადაერჩინათ პერსონალის სიცოცხლე. მიმდინარეობს ოპერაცია ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინის დამცველების გადასარჩენად".- თქვა მან. 

გენერალური შტაბის ცნობით, 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

"კიდევ 211 დამცველი ევაკუირებული იქნა ჰუმანიტარული დერეფნის გავლით იელენოვკაში, შემდგომში მათი დაბრუნება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცვლის პროცედურის მეშვეობით".- აღნიშნავს მინისტრის მოადგილე. 

მილარი აღნიშნავს, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადარჩენის ღონისძიებები გრძელდება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ერთობლივად დაიწყეს ოპერაცია ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადასარჩენად. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს სამხედროები აზოვსტალის ტერიტორიიდან.

კომენტარები