ფინეთი-შვედეთი-NATO

ბორელი: იმედი მაქვს, NATO შეძლებს შვედეთსა და ფინეთზე თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევას

ჯოზეფ ბორელი
Reuters

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროპული საბჭოს სხდომის წინ გამოეხმაურა შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებას, გახდნენ NATO-ს წევრები. 

ბორელის თქმით, ის დარწმუნებულია, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ NATO შეძლებს თურქეთის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის დაძლევას.

"დარწმუნებული ვარ, ისინი ყველა წევრი სახელმწიფოსგან მიიღებენ ძლიერ მხარდაჭერას, რადგან ეს ჩვენს ერთიანობას ზრდის და გვაძლიერებს. [...] დარწმუნებული ვარ, საბჭო მხარს დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. ვიცი, რომ თურქეთმა გარკვეული წინააღმდეგობები წარადგინა. იმედი მაქვს, NATO შეძლებს ამის დაძლევას". – თქვა ბორელმა. 

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა შვედეთი და ფინეთი "ღიად უჭერენ მხარს ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას/სახალხო თავდაცვის შენაერთს (PKK/YPG), რომლებიც უტევს თურქეთს, კლავს ჯარისკაცებს და ხალხს".

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წლიდან არის.

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას

 

კომენტარები