შვედეთი-ფინეთი-NATO

ჩავუშოღლუ: თურქი ხალხი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას გვთხოვს

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა შვედეთი და ფინეთი "ღიად უჭერენ მხარს ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას/სახალხო თავდაცვის შენაერთს (PKK/YPG), რომლებიც უტევს თურქეთს, კლავს ჯარისკაცებს და ხალხს".

"შესაბამისად, მიუღებელი და აღმაშფოთებელია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მხარს უჭერენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციას. სწორედ ამ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ნაწილი იყო ექსპორტის შეზღუდვა თავდაცვის ინდუსტრიის იმ პროდუქტებზე, რომლებიც ჩვენ შემოგვქონდა მოკავშირეებისა და ზოგიერთი ქვეყნისგან, რომლებიც NATO-ში გაწევრიანებას გეგმავენ.

ამიტომაა, რომ თურქი ხალხის დიდი უმრავლესობა წინააღმდეგია იმ ქვეყნების გაწევრიანების, რომლებიც მხარს უჭერენ PKK/YPG-ს ტერორისტულ ორგანიზაციას, ისინი გვთხოვენ გაწევრიანების დაბლოკვას. თუმცა ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ NATO-ს წევრებსა და ამ ქვეყნებთან". – თქვა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად აფასებს. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები