რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პროკოპენკო: ვასრულებთ მთავარსარდლობის გადაწყვეტილებას და ხალხის მხარდაჭერის იმედი გვაქვს

დენის პროკოპენკო

აზოვის პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო ამბობს, რომ მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ. 

ვიდეომიმართვაში პროკოპენკო ამბობს, რომ ისინი 82 დღის განმავლობაში იგერიებდნენ მოწინააღმდეგეს და ამით უკრაინის არმიას მისცეს შესაძლებლობა გადაჯგუფებულიყვნენ, მოემზადებინათ მეტი პირადი შემადგენლობა და მიეღოთ დიდი რაოდენობით შეიარაღება პარტნიორი ქვეყნებისგან.

"ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედროების გარეშე, რაც მათ არმიის ყველაზე ძვირფას ელემენტად აქცევს. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო მეთაურობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს".- თქვა მან. 

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

16 მაისს რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანა დაწყებულია. 

12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება. ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები