რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პალამარი: აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე 15 ქალი სამხედრო დაიღუპა

სვიატოსლავ პალამარი
Reuters

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარის თქმით, აზოვსტალის ქარხანაზე თავდასხმების შედეგად დაღუპულ სამხედროთა შორის 15 ქალია. ამის შესახებ პალამერმა გამოცემა GORDON-თან ისაუბრა.

"აქ, ამ პერიოდში, ქარხნის ტერიტორიაზე 15 ქალი სამხედრო დაიღუპა. ესენი არიან ბიზნესმენები, მზარეულები, ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექიმები, ფსიქოლოგები. 15 ქალი". – თქვა პალამერმა.

დღეს, 15 მაისს მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანრიუშჩენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ შეიძლება ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. 

"წვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ჯოჯოხეთია დედამიწაზე, აზოვსტალში. გასაოცარია, როგორ უძლებენ ჩვენი მცველები. ჩვენ ყველა მათ წინაშე ვალში ვართ". - წერს მერის მრჩეველი. 

ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც. მათი ინფორმაციით, აზოვსტალის ხანძრის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. 

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება. ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები