ტელეგრამ-არხებსა და მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 25 ივნისის ღამის საათებში დრონებით მორიგი თავდასხმა მოხდა კრასნოდარის მხარის პოლტავსკაიას დასახლებაში მდებარე ნავთობსაცავზე, რის შედეგადაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ეს მიმდინარე თვეში აღნიშნულ ნავთობობიექტზე დრონებით იერიშის უკვე მესამე შემთხვევაა.
კრასნოდარის ოპერატიული შტაბის მტკიცებით, ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნას მოჰყვა. უკრაინული მონიტორინგის არხი Exilenova+ კი იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად ნავთობის სამი რეზერვუარი აალდა.
The Moscow Times-ის ინფორმაციით, ნავთობსაცავი საწვავით ამარაგებს კრასნოდარის მხარესა და ადიღეს რესპუბლიკას. აქამდე ობიექტი დრონების სამიზნე ივნისის 6 და 16 რიცხვებში გახდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 24-25 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 269 უკრაინული დრონი გაანადგურეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ოკუპირებული ყირიმის თავზე.





