რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეიენი: რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უნგრეთთან პროგრესს მივაღწიეთ

Jean-Francois Badias/AP

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე უნგრეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა მათთან სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ამის შესახებ ლეიენმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა.

"პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან დღევანდელი საუბარი დაგვეხმარა იმაში, რომ გაგვერკვია ის საკითხები, რომლებიც ენერგოუსაფრთხოების სფეროში სანქციების დაწესებასთანაა დაკავშირებული. უნგრეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო". - წერს ფონ დერ ლეიენი.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ  ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს, ისეთი ფორმით, როგორც ახლა განიხილება, ქვეყანა მხარს "ვერ დაუჭერს". ორბანის თქმით, ეს უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება.

4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოს დღეებში შეთანხმდება და გასაჯაროვდება.

ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად გაუქმდება, თუმცა ეს თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდება. მისივე თქმით, ნედლი ნავთობპროდუქტები ექვს თვეში ამოიწურება და 2022 წლის ბოლოსთვის რაფინირებული პროდუქტებით ჩანაცვლდება.

ამასთან ერთად, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე შესაძლო სრული ემბარგოს დაწესების შემდეგ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან ვაჭრობას 2023 წლის ბოლომდე მაინც შეძლებენ. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც BBC წერს, ევროკავშირი ამ ნაბიჯით იღებს ზომებს, რათა რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებულმა ქვეყნებმა სანქციების ახალ პაკეტს ვეტო არ დაადონ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები