რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: რუსულ ნავთობზე ემბარგო უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბი იქნება

Facebook/Orbán Viktor

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს, ისეთი ფორმით, როგორც ახლა განიხილება, უნგრეთი მხარს "ვერ დაუჭერს" - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის განცხადებით, ევროკომისიის ახლანდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება. მისივე თქმით, უნგრეთი მოსალაპარაკებლად მზად იყო, თუ დაინახავდა ისეთ წინადადებას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავდა.

ორბანის თქმით, უნგრეთს, შესაძლოა, 5 წელი და თავის გადამამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება დასჭირდეს იმისთვის, რომ შეძლოს მისი ამჟამინდელი სისტემის გარდაქმნა, რომელიც, დაახლოებით, 65%-ით რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული.

4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოს დღეებში შეთანხმდება და გასაჯაროვდება.

ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად გაუქმდება, თუმცა ეს თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდება. მისივე თქმით, ნედლი ნავთობპროდუქტები ექვს თვეში ამოიწურება და 2022 წლის ბოლოსთვის რაფინირებული პროდუქტებით ჩანაცვლდება.

ამასთან ერთად, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე შესაძლო სრული ემბარგოს დაწესების შემდეგ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან ვაჭრობას 2023 წლის ბოლომდე მაინც შეძლებენ. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც BBC წერს, ევროკავშირი ამ ნაბიჯით იღებს ზომებს, რათა რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებულმა ქვეყნებმა სანქციების ახალ პაკეტს ვეტო არ დაადონ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები