რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ნავთობი, ომის დამნაშავე სამხედროები, ტელევიზიები, Sberbank – ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი

Jean-Francois Badias/AP

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოს დღეებში შეთანხმდება და გასაჯაროვდება.

ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად გაუქმდება, თუმცა ეს თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდება. მისივე თქმით, ნედლი ნავთობპროდუქტები ექვს თვეში ამოიწურება და 2022 წლის ბოლოსთვის რაფინირებული პროდუქტებით ჩანაცვლდება.

"ეს ადვილი არ იქნება, თუმცა ჩვენ უბრალოდ ეს უნდა გავაკეთოთ". – თქვა ლეიენმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბუჩასა და მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს, სანქციების სამიზნეები გახდებიან.

"ჩვენ ვიცით, თუ ვინ ხართ, ამას ვერ გაექცევით". – თქვა ლეიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკი, Sberbank-ი SWIFT-დან უნდა გაირიცხოს. ამასთან, რუსეთის მთავრობის საკუთრებაში მყოფი 3 უმსხვილესი მაუწყებელი ევროკავშირში გაითიშება. ლეიენმა სამთავრობო ტელევიზიებს უწოდა "რუპორი, რომელიც პუტინის ტყუილს აძლიერებს".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები