რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: საქართველო უკრაინაში ომს უცნაურად უყურებს – არ იკავებს მკაფიო პოზიციებს

მიხაილ პოდოლიაკი

"ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და, რა თქმა უნდა, არა ხალხის პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას". - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სანქციებზე საქართველოს მთავრობის პოზიციაზე საუბრისას.

"საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს აქვთ". - ამბობს პოდოლიაკი. 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ისაუბრა დაზვერვის მონაცემების ბაზასა და იმ მკაცრ ზომებზე, რომელსაც უკრაინა სანქციების გვერდის ავლაში რუსეთისთვის ხელშემწყობ სახელმწიფოებთან მიმართებით მიმართავს.

"რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყანასთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს.

ჩვენ გვესმის, რომ სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები იქნება და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია, ჩვენი ვარაუდი, რომ ეს მოლაპარაკებები მიდის და მეორე, უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები. მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, ჩვენი სანქციების კომისია, შეაფასებს და გაანალიზებს ყველაფერს, ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება. 

ეს ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს ფული, ან წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები, არამედ ეს საქართველოს, ან ნებისმიერი სხვა შუამავლის შუამავლის მეშვეობით მოხდეს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

ქართული ოცნების წარმომადგენლები კვლავ ამბობენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციება არ შეუერთდება - პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ სანქციები არაეფექტურია და მათი დაწესებით შემოსავალი საქართველოს მოქალაქეებს მოაკლდებათ.  

უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველებისთვის ჩარტერული რეისის გაუქმებისა და სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი 1 მარტს კონსულტაციებისთვის, ხოლო 31 მარტს საბოლოოდ გაიწვია

4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის შესახებ - უკრაინის ცნობით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყვეს. 

25 აპრილს კი გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ანტონ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს - ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც. მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა. ინფორმაცია, რომ ალი უზდენოვი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, დაადასტურა თავად ევტუშენკოვმაც.

კომენტარები