ბიძინა ივანიშვილი

ევტუშენკოვი: ალი უზდენოვი საქართველოში იყო და პრემიერს შეხვდა, მგონი, დასვენებაზე ისაუბრეს

რუსი სანქცირებული ოლიგარქი, ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

"ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან Fake-ია.  

ალი უზდენოვი საქართველოში იყო, პრემიერსაც შეხვდა. მე არ მახსოვს, როდის - მგონი, მარტში. [მიზანი] არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, [ვიზიტის მიზანი] მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო რიგითი ვიზიტი. საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული [ურთიერთობა მაკავშირებს ივანიშვილთან] და არც არასოდეს მქონია, მაშინაც კი, როდესაც ივანიშვილს ჰქონდა ბიზნესი, არც მქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით". - ამბობს ის. 

ჟურნალისტის დასმულ კითხვას, ესაუბრა თუ არა უზდენოვის "დასვენების საკითხზე" ივანიშვილს, ევტუშენკოვი პასუხობს - "თქვენ პროკურორი ხართ?"  

ალი უზდენოვი კომპანია Система-ს ვიცეპრეზიდენტია - კომპანიის მფლობელი ვლადიმირ ევტუშენკოვია. უზდენოვი 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოვებული.

გუშინ, 25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. 

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.  

კომენტარები