რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუს-ი კონტრაბანდაზე: მოვუწოდებთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ მტკიცებულებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. უწყება უკრაინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

"საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით". – ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ი აცხადებს, რომ თუ უკრაინა მათ მტკიცებულებებს არ მიაწოდებს, ჩაითვლება, რომ განცხადება პროვოკაციული ნაბიჯია.

"შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს". – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს ტერიტორიით კონტრაბანდის მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე ისაუბრა უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმაც.

"ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს". – თქვა ვერეშჩუკმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები