რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი: რუსეთმა საპასუხო სანქციები უნდა დაუწესონ ბიზნესმენებს არამეგობრული ქვეყნებიდან

ვიასეჩლავ ვოლოდინი და ვლადიმერ პუტინი
REUTERS

"რუსეთმა “არამეგობარი სახელმწიფოების” მიერ აქტივების გაყინვას სიმეტრიულად უნდა უპასუხოს" - ამბობს რუსეთის ფედერაციის დუმას სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი. მისი თქმით, რუსეთმა სანქციები უნდა დაუწესოს იმ ბიზნესებს, რომელთა მფლობელებიც "არამეგობარი სახელმწიფოებიდან" არიან. 

“იმ რუსული ბიზნესმენების მიმართ, რომელთა მფლობელებიც არამეგობრული სახელმწიფოებიდან არიან, სარკისებური ზომები უნდა მივიღოთ: ჩამოვართვათ მათ აქტივები” - წერს ვოლოდინი სოციალურ ქსელში.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ამ ქსელიდან რუსეთის გათიშვა უდიდეს ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას. ეს ნაბიჯი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური ოპერაციების ჩატარების უნარს უზღუდავს. კერძოდ, ისინი ვერ შეძლებენ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდას, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღებას.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას გამოიწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს გადაუკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები