რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვი: მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ოკუპანტების 3 ტანკი და სხვა ტექნიკა გავანადგურეთ

აზოვის ბატალიონი

აზოვის პოლკის ინფორმაციით, ბოლო 2 დღეში რუსი ოკუპანტების 3 ტანკი და სხვა ტექნიკა გაანადგურეს. 

"უკიდურესად მძიმე სიტუაციის მიუხედავად, აზოვის პოლკმა ბოლო ორ დღეში გაანადგურა 3 ტანკი, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და BTR". - ვკითხულობთ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს, 21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული. 

19 აპრილის დილიდან რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. რუსეთმა აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს რამდენჯერმე მოუწოდა დანებებისკენ.  

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები