რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვი: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ

სვიატოსლავ პალამარი

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, ფრაქცია ხალხის მსახურის მეთაური და მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩავიდნენ ალყაში მოქცეულ ქალაქში და რუსეთის წარმომადგენლებთან სამხედროების ევაკუაცია განიხილონ.

"ჩვენ დღეს დავუკავშირდით უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. კერძოდ, დავიდ არახამიასა და მიხაილო პოდოლიაკს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მზად არიან მარიუპოლში მედინსკისთან და სლუცკისთან დარჩენილი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციის მოლაპარაკებებზე ჩამოვიდნენ". – თქვა კაპიტანმა პალამარმა.

"მესამე მხარის დახმარებით, მზად ვართ მარიუპოლიდან ევაკუაციისთვის". – დაამატა მან და აღნიშნა, რომ ისინი ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ.

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები