რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგია უკრაინას მისტრალის ტიპის საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემს

ნორვეგიის შეიარაღებულ ძალების დაქვემდებარებაში მყოფი მისტრელის ანტისაჰაერო სისტემა
regjeringen.no

ნორვეგია უკრაინას მისტრალის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.

"კონფლიქტი უკრაინაში შეიძლება ხანგრძლივი იყოს და ქვეყანა [უკრაინა] დამოკიდებულია საერთაშორისო მხარდაჭერაზე, რათა დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან. ამიტომაც, მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას მისტრალის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს". – თქვა ბიორნ არილდ გრამმა. 

როგორც ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, მისტრალის სისტემა ეფექტიანია და უკრაინისთვის დიდ სარგებელს მოიტანს.

უკრაინას ნორვეგიის მხრიდან მისტრალის 100 რაკეტა გადაეცემა. ნორვეგიის შეიარაღებული ძალები ამ სისტემას მცირე ხომალდებზე ამონტაჟებდნენ, თუმცა ახლო მომავალში მათ შეცვლას აპირებდნენ.

"რაკეტებს ნორვეგიის შეიარაღებული ძალები ხმარებიდან ამოიღებს, თუმცა, ის ჯერ კიდევ თანამედროვე და ეფექტიანი იარაღია, რომელიც უკრაინისთვის სარგებლის მომტანი იქნება". – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

როგორც ნორვეგიის მთავრობა იუწყება, იარაღები ქვეყნიდან უკრაინისთვის უკვე გაგზავნილია.

მისტრალი ფრანგული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემაა.

აქამდე, გასულ კვირებში ნორვეგია უკრაინას ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით დაეხმარა და ჯამში 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გადასცა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები