რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: პენტაგონი ადასტურებს, რომ ხომალდ МОСКВА-ს უკრაინული ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოხვდა

ნეპტუნის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები სისტემა

The Washington Post-თან საუბარში პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რუსულ სარაკეტო კრეისერ Москва-ს 2 უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი მოხვდა.

გასულ დღეს უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულ ფლაგმან Москва-ს ნეპტუნის ტიპის ორი რაკეტა მოარტყეს და ხომალდი იწვოდა. მოსკოვის ვერსიით, გემზე ხანძარი საბრძოლო მასალის დეტონაციის შემდეგ გაჩნდა. 

პენტაგონმა გასულ დღეს ინფორმაცია უკრაინული რაკეტებით რუსული ხომალდის დაზიანების შესახებ არც უარყო და არც დაადასტურა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილის დილას დაადასტურა, რომ კრეისერი Москва ჩაიძირა, თუმცა მათი ინფორმაციით, ეს გემის ბუქსირების დროს მოხდა.

უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ხომალდთან ევაკუაციისთვის მისული იყო რამდენიმე დამხმარე გემი. ამას გარდა, როდესაც Москва-ზე ხანძარი გაჩნდა, ზღვაზე შტორმი იყო. 

მოსკოვის ცნობით, მათ ეკიპაჟის გადარჩენა შეძლეს, თუმცა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს ზოგიერთი უკრაინული წყარო და ამბობენ, რომ ხომალდის ბორტის დიდი ნაწილი მოკვდა და მათი გადარჩენა შტორმის გამო გართულდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები