რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი აუცილებლად უპასუხებს სანქციებს პუტინისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ – პესკოვი

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
24 celebs

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი "აუცილებლად უპასუხებს" პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს. 

"რუსეთი აუცილებლად უპასუხებს და ამას ისე გააკეთებს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს". - თქვა პესკოვმა. 

გუშინ, 6 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაადო. სანქცირებულ პირთა შორის პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა მოხვდნენ. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი.

სანქციების ახალი ტალღა, რომლის მიზანიც რუსეთსა და პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის ფოტოების გავრცელებას მოჰყვა. 

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელის თქმით, აშშ-ს აქვს საფუძველი, სჯეროდეს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ქონებისა და აქტივების ნაწილს ოჯახის წევრებზე აფორმებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები