ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაადო. სანქცირებულ პირთა შორის პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა მოხვდნენ. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი.
სანქციების ახალი ტალღა, რომლის მიზანიც რუსეთსა და პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის ფოტოების გავრცელებას მოჰყვა.
"დღეს მკვეთრად ვამწვავებთ ფინანსურს შოკს რუსეთის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტისთვის Sberbank და უდიდესი კერძო ბანკისთვის Alfa Bank სრულად შემზღუდავი სანქციების დაწესებით". - თქვეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.
ამასთან, სანქციები, რომელიც G7-თან და ევროკავშირთან კოორდინირებით არის შემუშავებული, ასევე შეეხება რუსეთში ახალ ინვესტიციებს.
რაც შეეხება, რუსული ელიტის წევრების, მათ შორის პუტინის შვილების სანქცირებას, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, აშშ-ს აქვს საფუძველი სჯეროდეს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ქონებისა და აქტივების ნაწილს ოჯახის წევრებზე აფორმებენ.
გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ახალი სანქციები რუსულ სახელმწიფო კომპანიებსაც დაუწესდებათ, შესაბამის განცხადებას თეთრ სახლში ხუთშაბათს გააკეთებენ.