სომხეთის არჩევნები 2026

წინასწარი შედეგებით, ფაშინიანის პარტია 50.9%-ით იმარჯვებს – დათვლილია უბნების 63.2%

ნიკოლ ფაშინიანი
Karen Minasyan / Agence France-Presse

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია, სამოქალაქო კონტრაქტი 50.9%-ით ლიდერობს, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი ძლიერი სომხეთი კი ხმათა 23.2%-ით მეორე ადგილს იკავებს. ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 63.2%.

ხმების 9.6%-ით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი სომხეთი, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, ხოლო პროკრემლისტურ პარტია აყვავებულ სომხეთს ჯერჯერობით ხმათა მხოლოდ 4.10% აქვს დაგროვებული,რაც 0.1%-ით აღემატება 4%-იან ბარიერს.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერმინისტრმა და პარტია სამოქალაქო კონტრაქტის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა და თქვა, რომ მისი პარტია მთავრობას სხვა პარტიების ჩართულობის გარეშე ჩამოაყალიბებს. მანვე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ 2021 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უფრო მეტი ხმა მოიპოვა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო.

სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო.

კომენტარები