რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: წინასწარი მონაცემებით, მარიუპოლში 5 000 ადამიანი დაიღუპა, 170 000 ალყაშია

მარიუპოლი

უკრაინის ხელისფლების ინფორმაციით, მარიუპოლში 5 000 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 170 000 კვლავ რჩება ალყაში. 

27 მარტის მდგომარეობით, დაღუპულებს შორის, დაახლოებით 210 ბავშვია. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დათვლა ახლა შეუძლებელია. ბლოკადამდე 140 000-მდე ადამიანმა დატოვა ზღვისპირა ქალაქი. ბლოკადის შემდეგ 150 000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, მათ შორის 71 235 ზაპოროჟიეში, დანარჩენი კი მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტება 30 000 ადამიანი იძულებით გადაიყვანეს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან რუსეთში. 

დაზიანებულია და დანგრეული ასობით შენობა.  ქალაქში არ არის შემორჩენილი სახლები, არ არის წყალი, საკვები, გათბობა, დენი, გაზი და კომუნიკაციები.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან 2 000-ზე მეტი ბავშვი რუსეთში გადაიყვანეს. მისივე თქმით, მოსახლეობის საჭირო პროდუქტით მომარაგება ვერ ხერხდება და ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

ოფიციალური მოსკოვი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას და ჰუმანიტარულ დერეფნების წარუმატებლობას უკრაინას აბრალებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები