ბორისპოლის მერი, ვოლოდიმირ ბორისენკო მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს.
"ამ დროისთვის ქალაქში ყოფნის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. რეგიონის გარშემო შეტევები მიმდინარეობს. მივმართავ მოსახლეობას, მოიქეცით ჭკვიანურად და დატოვეთ ქალაქი, თუ შეგიძლიათ". - თქვა ბორისპოლის მერმა, ვოლოდიმირ ბორისენკომ.
ბორისენკომ თქვა, რომ ხელისუფლება დაეხმარებოდა მოსახლეობას, რომელსაც საკუთარი მანქანა არ გააჩნია და დაამატა, რომ მოსახლეობის გადაყვანა დასავლეთ უკრაინაში, სადაც შედარებით სიმშვიდეა, თითქმის ყოველდღე ხორციელდება.
"პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ იმ ქალაქებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რაც უფრო მცირეა მშვიდობიან მოქალაქეთა რიცხვი, მით უფრო ადვილია [უკრაინის] შეიარაღებული ძალებისთვის მოქმედება". - თქვა მერმა.
22 მარტს, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინა, დაახლოებით, 3 528 346 ადამიანმა დატოვა - 2 მილიონზე მეტმა თავი პოლონეთს შეაფარა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





