რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო: ზურაბიშვილის გამოსვლაზე რეაქციებს თვალს ვადევნებთ, კიევს ვაცნობებთ

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 14 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კასიანოვის თქმით, ზურაბიშვილის გამოსვლაზე რეაქციებს თვალს ადევნებენ და ამის შესახებ კიევს აცნობებენ. 

"ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამო, რაც მან გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სრულიად საქართველოს მიმართა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლაზე რეაქციას პოლიტიკურ გარემოებებსა და საზოგადოებრივ წრეებში, მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ". - ამბობს ის.  

ზურაბიშვილი პარლამენტში კასიანოვთან ერთად შევიდა, რის გამოც ქართულმა ოცნებამ ის ინსტიტუტების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. 

"მინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, პატივისცემა დავუფიქსირო და გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ, პირველ რიგში, სოლიდარობა, პატივისცემა, მაგრამ როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი".  - თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

ქართული ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს. პარტიის განცხადების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის "კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები" განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ზურაბიშვილმა ვიზიტებზე სიმართლე თქვა, კონსტიტუცია დაარღვია და, მისივე სიტყვებით, პარტია საკითხში "გაერკვეოდა". 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა და ქართული ოცნების წევრების მიერ მისი გაკრიტიკების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არ ჰგონია, საქმე მის იმპიჩმენტამდე მივიდეს. 

კომენტარები