პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

ვინ რას სცოდავს პრეზიდენტ ზურაბიშვილის აზრით

"პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!" – თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსნების წარდგენისას. პრეზიდენტმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის "ცოდვებზე" ისაუბრა და ქართული ოცნება უკრაინაში ომის საკითხის მიმართ სიფრთხილესა და შიში დაადანაშაულა.

"ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!

ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.

ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად  განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!" – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ოპოზიციის "ცოდვა" უწოდა მტკიცებას, რომ მთავრობამ და მაშასადამე ქვეყანამ პროდასავლური კურსი შეცვალა. ასევე ხაზი გაუსვა "პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს".

"ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც NATO-სთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის  და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას  არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!

ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა "დროა" კეტჩუპის და ფქვილის? ეს "სირცხვილია"!

ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე  აპელირებს და ამით ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს  ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა". – თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები