რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მდინარაძე: როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ელჩს არცერთი წუთით არ დაუტოვებია საქართველო

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მისი ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის გაიწვია, საქართველო არ დაუტოვებია.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, მას [უკრაინის ელჩს] არცერთი წუთით ქვეყანა არ დაუტოვებია, თუმცა გადაამოწმეთ, დააზუსტეთ, მეც შევეცდები ამას. ამ მომენტისთვის როგორც ჩემთვის ცნობილია, მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრ კომენტარს არც გავაკეთებთ. ამაზეც ითქვა, რა დროს ამაზე კრიტიკაა, სხვადასხვა ინსინუაციის დრო ნამდვილად არ არის. ეს ჩემი ინფორმაციაა და 100%-იანი ინფორმაცია არ მაქვს". – თქვა მდინარაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, საქართველოდან ელჩის გაწვევა "კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის" მხარდაჭერით იყო დაორგანიზებული.

"ჩვენ ვთქვით, საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას დამატებით კრიტიკას ვერ დავუწყებთ. ვთქვით ერთხელ, რომ იყო ალოგიკური. რბილად რომ ვთქვათ, იყო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით დაორგანიზებული ეს ყველაფერი და ამ პოლიტიკურ ჯგუფს უკრაინის სამთავრობო წრეებშიც აქვთ რაღაც კავშირები. საქართველოში ისინი რადიკალურ ოპოზიციას, ჰიბრიდული ომის მწარმოებელ და ომის პარტიას წარმოადგენენ და უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსნები ჰყავთ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში". – თქვა მდინარაძემ.

14 მარტს რუსთავი 2-მა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ იგორ დოლგოვი საქართველოშია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის 1 მარტს გაიწვია. მისი თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა". თუმცა, მთავრობისთვის ზელენსკის გადაწყვეტილება "გაუგებარია". მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის ელჩის გაწვევა "გაუმართლებელი და სრულიად ალოგიკურია" და, მისივე სიტყვებით, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველოს კონფლიქტში ჩარევის, რაც, როგორც კობახიძე ამტკიცებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხორციელდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები