რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კობახიძე ელჩის გაწვევაზე: კოორდინაციაა, ჩაგვითრიონ კონფლიქტში, ეს ხორციელდება ენმ-ს მიერ

ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვოლოდომირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა გაუმართლებელი და სრულიად ალოგიკურია და ასევე, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველოს კონფლიქტში ჩარევის, რაც კობახიძის თქმით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხორციელდება.

ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს, ასევე არ შეურთდნენ სანქციებსა და არ გაგზავნეს მოხალისეები უკრაინაში და თქვა, რომ უკრაინას ამ ქვეყნებიდან არ გაუწვევია საკუთარი ელჩი, საქართველოსთან მიმართებით კი ამის გაკეთება მისივე თქმით - ორმაგი სტანდარტია.

"ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს. აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ბუნებრივია თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს - ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩაბმულ ქვეყნების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან უერთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ", - ამბობს კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვასა და ხელისუფლებაში მრავლად არიან ენმ-სთან დაკავშირებული პირები, რითიც ოპოზიციური პარტია ახერხებს, რომ გავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.

"როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორცილდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც როგორც ყველასთვის ცნობილია მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც სააკაშვილმა გუშინ თავადაც თქვა, მისი "დაფრთიანებულია". უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა ბუნებრივია მარტივად შეუძლიათ", - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება თანაუგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები