რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ Microsoft-ს, Oracle-ს და SAP-ს რუსეთში საკუთარი პროდუქტების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტექნოლოგიურ კომპანიებს Microsoft-ს, Oracle-ს და SAP-ს მოუწოდა რუსეთში საკუთარი პროდუქტების მხარდაჭერა შეეწყვიტათ.

"ახლა არ არის "ნახევარი" გადაწყვეტილებების და "ნახევარი ტონის" დრო. არსებობს მხოლოდ შავი და თეთრი, სიკეთე და ბოროტება. ან მშვიდობას უჭერთ მხარს ან სისხლიან რუს აგრესორის მიერ უკრაინელი ბავშვების და ქალების მოკვლას. შეწყვიტეთ თქვენი პროდუქტების მხარდაჭერა რუსეთში. შეაჩერეთ ომი." - წერს ზელენსკი და კომპანიებს მიმართავს.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა Facebook-ის მფლობელ კომპანია Meta-ს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად საინფორმაციო სივრცეში "ბრძოლისთვის" და უკრაინის მხარდაჭერისთვის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები