რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა კიევის ოლქის ჰუმანიტარულ დერეფანში შვიდი ადამიანი მოკლეს – მათგან ერთი ბავშვია

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 მარტს კიევის ოლქის ერთ-ერთ ჰუმანიტარულ დერეფანში რუსმა სამხედროებმა 7 ადამიანი მოკლეს, მათგან 1 ბავშვი იყო.

"11 მარტს სოფელ პერემოჰონდა (კიევის ოლქი) მწვანე დერეფნით ევაკუაციის მცდელობისას ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფი დახვრიტეს, რომლებიც მხოლოდ ქალებისა და ბავშვებისგან შედგებოდა. ამ სასტიკი აქტის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი ბავშვია. დაჭრილების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია". – ნათქვამია განცხადებაში.

სროლის შემდეგ ოკუპანტებმა უკრაინელებს ჰუმანიტარული დერეფნის გავლის საშუალება აღარ მისცეს და მათ სოფელში დაბრუნება აიძულეს. უწყების ცნობით, მათთან კომუნიკაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება თითქმის შეუძლებელია.

რუსი სამხედროების მიერ ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმება არაერთხელ დაირღვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები