რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რიგაში ადგილს, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, უკრაინის დამოუკიდებლობის ქუჩა დაერქმევა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ქუჩის იმ მონაკვეთს, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელი შეეცვლება და უკრაინის დამოუკიდებლობის ქუჩა დაერქმევა. აღნიშნულ ნაწილს ამჟამად ანტონიას ქუჩა ჰქვია.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ნიშნად, ქალაქ რიგის მერიამ 10 მარტს მიიღო. უახლოეს მომავალში ქუჩაზე ახალი სახელის აღმნიშვნელი ნიშნებიც გამოჩნდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები