რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მდინარაძე: ჩნდება კითხვები, ვინაა უკრაინის განცხადებების უკან – უკრაინის ხელისუფლება თუ ენმ

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

"ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ". – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც სამინისტრო მიუღებელს უწოდებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს მაშინ, როცა ისინი უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.

მდინარაძის განმარტებით, მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან, შესაბამისად ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. 

"ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება". – ამბობს მდინარაძე

"გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო. აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ნაციონალური მოძრაობის". – დაამატა მან.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებასა და მოლაპარაკებების შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას ეხმაურება. სამინისტრო მიუღებელს უწოდებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს მაშინ, როცა ისინი უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები