რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

სეს: ცხოველური პროდუქციის ექსპორტზე რუსეთთან მოლაპარაკებებს 2020 წლიდან ვაწარმოებთ

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  ცხოველური პროდუქციის ექსპორტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს.  სააგენტოში აცხადებენ, რომ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები და მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.

"სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.

ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული".- ნათქვამია განცხადებაში. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ამ განცხადებით რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, რუსეთი 15 ქართულ კომპანიას რძის და რძის პროდუქტების შეტანის უფლებას აძლევს.

რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.  ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"როსსელხორნადზორმა დააინიცირა მესამე ქვეყნების იმ საწარმოების ჩართვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეესტრში, რომლებსაც აქვთ კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავის პროდუქციის შეტანის უფლება. ერთი საწარმო აზერბაიჯანიდან და ასევე 15 საწარმო საქართველოდან" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები