რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: მტერი უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას გეგმავს

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას გეგმავს და კიევის აღების იმედს არ თმობს. ამის შესახებ დანილოვი Facebook-ზე წერს.

"უკრაინული არმია ღირსეულ პასუხს სცემს მტერს და რუსულ ქიმერაზე ჩვენი გამარჯვების დღე ახლოვდება, მაგრამ მტერი ჯერ საშიშია და ამზადებს ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას, რომელსაც მაქსიმალურად მზად და ერთად უნდა დავხვდეთ" - წერს დანილოვი.

ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ სტრატეგიულად კვლავ მნიშვნელოვანია კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ნიკოლაევი, ჩერნიგოვი და ოდესა.

"მტრის გეგმაა აიღოს საკვანძო ქალაქები, სისხლისგან დაცალოს უკრაინის შეიარაღებული ძალები და სამოქალაქო მოსახლეობისთვის შექმნას ჰუმანიტარული კატასტროფის მდგომარეობა" - წერს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

ოლექსი დანილოვი აღნიშნავს, რომ ძირითადი ყურადღება რუსეთს სამხრეთით გადააქვს და ცდილობს უკრაინას შავ და აზოვის ზღვებზე გასასვლელი წაართვას, რაც, რუსული მხარის აზრთ, უკრაინის წინააღმდეგობის ეკონომიკურად დახშობის შესაძლებლობას შექმნის. მისივე თქმით, რუსული სამხედრო ძალები არ კარგავენ კიევის აღების იმედს და რესურსს დნეპრის ალყაში მოქცევისთვის აგროვებენ.

დანილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედების პარალელურად მიმდინარეობს უკრაინის ძალების გადაჯგუფება, ახალი რეზერვით შევსება და არმიისთვის უახლესი შეიარაღების მიწოდება.

"ჩვენ გადავდგით ყველაზე რთული ნაბიჯი გამარჯვებისთვის, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ოკუპანტების განადგურებისა და უკრაინის მიწების დაბრუნებისთვის. დაკრძალვები რუსი დედებისთვის და ტონობით დამწვარი სამხედრო ტექნიკა გაფრთხილებაა შემდეგი ომისთვის: ნუ მოძვრებით, მოგკლავთ. მოვკლავთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ თუ სინდისის ქენჯნით არა, ტკივილით გაიღვიძოს გასულელებულმა რუსულმა საზოგადოებამ." - წერს დანილოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები