რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს წარმომადგენელი გაეროში: რუსები უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდებიან

გაეროში აშშ-ს წარმომადგენელი, ლინდა თომას-გრინფილდი ამბობს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოდებიან. 

"რუსები ახლა 20 მილის მანძილზე (32 კმ) არიან უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტიდან და მას უახლოვდებიან". - თქვა მან, თუმცა ობიექტი არ დაუსახელებია. 

უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ზედამხედველი ორგანოს, Energoatom-ის ინფორმაციით, გამომუშავების სიმძლავრის თვალსაზრისით, უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტი მის სამხრეთში, მიკოლაევში მდებარე იუჟნუკრაინსკის ატომური ელექტროსადგურია. 

"პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს ჰუმანიტარული კატასტრობა - დაასრულოს ომი და შეწყვიტოს უკრაინელ ხალხზე თავდასხმები". - თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა.  

მისივე სიტყვებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთხმად უნდა მოსთხოვონ რუსულ ძალებს, შეაჩეროს საშიში თავდასხმა, რადგან "უკრაინელ ხალხს ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ არ უნდა გავუცრუოთ მათ იმედი".  

2 მარტს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ოკუპანტებმა დაიკავეს. მანამდე, მათ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც სასწავლო-მოსამზადებელ კორპუსში გაჩნდა. ადგილზე უკრაინელი მეხანძრეები გაგზავნეს, მათ ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს

ატომური სადგურის მიმართულების სროლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ევროპას ჩერნობილის ტრაგედია შეახსენა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში 15 ატომური ბლოკია. 

"რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის კატასტროფით".  – თქვა ზელენსკიმ

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები