რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, მათი აფეთქება ევროპის დასასრული იქნება

რუსი ოკუპანტების გახსნელი ცეცხლის შედეგად, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში გაჩენილი ხანძრის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ევროპა გააფრთხილა, რომ უკრაინაში15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება "ევროპის დასასრული იქნება".

"რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის კატასტროფით", – თქვა ზელენსკიმ. 

ზაპოროჟიის ატომურ ელექტოსადგურში ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

"რუსული ტანკები ესვრიან ატომურ ბლოკებს. ეს ტანკები უზრუნველყოფილია სითბური ხედვით, ანუ მათ იციან თუ საით ისვრიან, ისინი ამისთვის ემზადებოდნენ", – თქვა ზელენსკიმ.

"ვაფრთხილებთ ყველას – არც ერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, არასდროს გაუხსნია ცეცხლი ატომური ენერგობლოკებისთვის. პირველად, პირველად ჩვენს ისტორიაში ტერორისტულმა სახელმწიფომ მიმართა ბირთვულ ტერორს", – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

მან ასევე ევროპის მოსახლეობას შეახსენა ჩერნობილის ტრაგედია და ხაზი გაუსვა, რომ მაში მხოლოდ ერთი ატომური ბლოკი აფეთქდა, ზაპოროჟიის სადგურში კი 6 ასეთი ბლოკია.

ხანძარი ატომური სადგურის სასწავლო-მოსამზადებელ კორპუსში გაჩნდა, რის შემდეგაც ადგილზე უკრაინელი მეხანძრეები გაგზავნეს. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. უკრაინის ბირთვული მარეგულირებლის ინფორმაციით, ატომური სადგური რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები