რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიის ატომური სადგური ოკუპანტებმა დაიკავეს

ზაპოროჟიის ატომური სადგური

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური, სადაც რამდენიმე საათის წინ რუსი სამხედროების გახსნილი ცეცხლის გამო ხანძარი იყო, ოკუპანტებმა დაიკავეს. 

"ამჟამად ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაკავებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ", – წერია სახელმწიფო ინსპექციის განცხადებაში.

აქამდე, ხანძარი ატომური სადგურის სასწავლო-მოსამზადებელ კორპუსში გაჩნდა, რის შემდეგაც ადგილზე უკრაინელი მეხანძრეები გაგზავნეს. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.

ატომური სადგურის მიმართულების სროლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ევროპას ჩერნობილის ტრაგედია შეახსენა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში 15 ატომური ბლოკია. 

"რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის კატასტროფით", – თქვა ზელენსკიმ

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები