რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა რუსეთის ინტერპოლიდან გარიცხვას ითხოვს

ჯასტინ ტრუდო
Adrian Wyld/The Canadian Press via AP

კანადა რუსეთის ფედერაციის ინტერპოლიდან გარიცხვას ითხოვს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თქვა. 

„ამ ნაბიჯს მხარს უჭერს კანადა და სხვა ქვეყნები, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობა დამოკიდებულია ადამიანის უფლებების გლობალური დეკლარაციის კოლექტიურ ვალდებულებაზე და ინტერპოლის წევრებს შორის ურთიერთპატივისცემაზე".- ამბობს ტრუდო. 

მანამდე უკრაინამ იგივე ზომები მოითხოვა, იდეას ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეთანხმა. 

22 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე გერმანიის მთავრობამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დამტკიცების პროცესი დროებით შეაჩერა. გაზსადენის მშენებლობას სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. პრეზიდენტი ჯო ბაიდენის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ ვერ წასულიყო.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

 

კომენტარები