უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

აშშ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

Maxim Shemetov / Reuters

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, მან ადმინისტრაციას გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისა და კორპორაციის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაავალა.

"მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგება დაიწყო, აშშ მჭიდროდ მუშაობდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მისთვის გაეცა ძლიერი, საერთო პასუხი. როგორც თვის დასაწყისში კანცლერ შოლცთან შეხვედრისას ვთქვი, გერმანია იყო ლიდერი ამ პროცესში და ჩვენ გავაერთიანეთ ძალისხმევა, რათა შეგვეჩერებინა გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრებოდა უკრაინაში.  

გუშინ, ორ მთავრობას შორის დამატებით მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ, გერმანიამ გამოაცხადა, რომ შეაჩერა გაზსადენის სერტიფიცირება. დღეს მე მივმართე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისა და კორპორაციის თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები არის ჩვენი სანქციების კიდევ ერთი ნაწილი უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. როგორც განვმარტე, თუ რუსეთი ესკალაციას განაგრძობს, ჩვენ არ მოვერიდებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას. 

საკუთარი ქმედებებით პრეზიდენტმა პუტინმა მსოფლიოს მისცა უდიდესი სტიმული, უარი თქვას რუსულ გაზსა და სხვა ენერგორესურსებზე. მე მინდა, მადლობა გადავუხადო კანცლერ შოლცს მჭიდრო პარტნიორობისა და თავდადებისთვის, რათა რუსეთს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს". - წერია განცხადებაში. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

22 თებრვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები