რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FORBES: გერმანიამ სანქცირებულ რუს მილიარდერს, ალიშერ უსმანოვს იახტა ჩამოართვა

ვლადიმირ პუტინი და ალიშერ უსმანოვი

ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს მილიარდერს, ალიშერ უსმანოვს გერმანიამ 600 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დილბარი ჩამოართვა. ინფორმაციას იახტების ინდუსტრიაში წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაუწესა.

იახტა ჰამბურგის პორტში იყო გაჩერებული, სადაც ოქტომბრის შემდეგ მასზე გერმანული კომპანია Blohm+Voss-ი მუშაობდა. უსმოანოვის წარმომადგენლებს იახტის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უსმანოვმა იახტა 2016 წელს გერმანული გემთმშენებელი ფირმისგან Lürssen-ისგან შეიძინა. კომპანიის თანახმად, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად ასაშენებელი იახტა იყო. უსმანოვის  მრავალმილიონიანი ქონება მოიცავს წილებს ფოლადის მომპოვებელ გიგანტ მეტალოინვესტში, კომპანია Xiaomi-ში, სხვადასხვა ტელეკომუნიკაციების კომპანიაში, მაღაროებსა და მედიაში. ის Facebook-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო. უსმანოვი ასევე ფლობს უძრავ ქონებას ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები