რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ANONYMOUS: შევაფერხეთ რუსეთის სამხედრო კომუნიკაციები

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება, ANONYMOUS-ი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ რუსეთის სამხედრო კომუნიკაციები შეაფერხა. 

25 თებერვალს დაჯგუფებამ ANONYMOUS-მა გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან მონაცემთა ბაზა წარმატებით მოიპოვა, ჩამოტვირთა და გაავრცელა საკუთარი Twitter-ის გვერდზე. 

ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა. 

სოციალურ ქსელებში გავრცელა ინფორმაცია, რომ Anonymous-ის სამიზნე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, Russia Today (RT) გახდა, რის შედეგად RT-ის ვებ-გვერდი გაითიშა. 

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს გაითიშა კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი, Kremlin.ru და სხვა სამთავრობო ორგანოების ვებ-გვერდებიც, მათ შორის, რუსეთის დუმის საიტი - Duma.gov.ru 

ვებ-გვერდების გათიშვის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა შესაძლებელია, რომ რუსეთის სამთავრობო სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გამხდარიყო, თავდასხმის მიღმა კი Anonymos-ის წევრები ყოფილიყვნენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები