რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემლისა და რუსეთის სხვა სამთავრობო ორგანოების ოფიციალური ვებ-გვერდები გაითიშა 

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი Kremlin.ru და სხვა სამთავრობო ორგანოების ვებ-გვერდები, მათ შორის, რუსეთის დუმის საიტი - Duma.gov.ru გაითიშა

ვებ-გვერდების გათიშვის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. შესაძლებელია, რომ რუსეთის სამთავრობო სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გამხდარიყო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სისტემა მომხმარებლების უჩვეულოდ დიდი რაოდენობის გამო გადატვირთულიყო. 

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინის სახელმწიფო სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემები რუსული კიბერშეტევის და ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშაა. 

რუსი ჰაკერების სამიზნე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების ვებ-გვერდები და სისტემები გახდა. 

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ომის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კი მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე, სადაც ჰაკერებმა ვირუსული პროგრამაც განათავსეს. 

CNN-ის ცნობით, თავდასხმები განხორციელდა მსხვილი უკრაინული კომპანიებისა და ორგანიზაციების ციფრულ სისტემებზეც. 

აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ბრძოლის მეთოდების პარალელურად, ჰიბრიდული ომის საშუალებების აქტიური გამოყენება რუსეთის ცნობილი ტაქტიკაა, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ კი 2014 წელს - უკრაინასთან.  

პირდაპირი კიბერშეტევების გარდა, რუსეთი აქტიურად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას და სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით ცდილობს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის მიზანი უკრაინელი მოსახლეობის დაბნევა და შეცდომაში შეყვანაა. 

კომენტარები