ფორმულა ერთის ბრიტანელმა მრბოლელმა, სერ ლუის ჰემილტონმა, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაწერა, რომ მისი გული ამ ადამიანებთან არის.
"როდესაც უსამართლობას ვხედავთ, მნიშვნელოვანია მას წინ აღვუდგეთ. ჩემი გული ყველა იმ მამაც უკრაინელთან არის, რომლებიც უპირისპირდებიან საშინელ შეტევებს უბრალოდ უკეთესი მომავლის არჩევის გამო და მე ვდგავარ ყველა იმ რუს მოქალაქესთან, რომელიც ეწინააღმდეგება ძალადობას და ეძებს მშვიდობას, ხშირად საკუთარი თავისუფლების ფასად.
გთხოვთ, ყველანი უსაფრთხოდ იყავით. თქვენთვის ვლოცულობთ", - წერს ჰემილტონი Instagram-ზე.
დღეს, 25 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ფორმულა ერთმა რუსეთის ქალაქ სოჩში დაგეგმილი გრან პრი გააუქმა, ამის მიზეზად კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა დასახელდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.





