რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

თალიბანი რუსეთსა და უკრაინას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოუწოდებს

თალიბანის წარმომადგენლები თვითმკვლელი ტერორისტების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე. გავრცელებულ ფოტოში დაფარულია მათი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, სირაჯუდდინ ჰაკანის სახე. მასზე აშშ-ს ძებნა აქვს გამოცხადებული.

თალიბანი რუსეთსა და უკრაინას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოუწოდებს. ოფიციალური განცხადება ე.წ. ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაავრცელა.

"ავღანეთის ისლამური საამირო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და შეშფოთებულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რეალური შესაძლებლობის გამო. ისლამური საამირო ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს იმგვარი მოქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს.

ნეიტრალიტეტის პოლიტიკის შესაბამისად, ავღანეთი მოუწოდებს კონფლიქტის ორივე მხარეს, რომ კრიზისი დიალოგითა და მშვიდობიანი გზებით გადაჭრას. ისლამური საამირო მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, ყურადღება გამოიჩინონ იმ ავღანელი სტუდენტებისა და მიგრანტების მიმართ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან". – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები