18 ივნისს აშშ-ს სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, უკრაინა სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის მიზნით აშშ-ს კონტროლქვეშ არსებული გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას შეძლებს.
წარდგენილი აქტი, სახელად "ჩამორთმეული აქტივები საბრძოლო ველის აღჭურვილობისა და მზადყოფნისთვის (SABER)" აშშ-ს უფლებამოსილებებს გააფართოებს და კიევს საშუალებას მისცემს, რომ რუსული აქტივების გამოყენებით საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები გაიძლიეროს.
ინიციატივა "უკრაინელებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობისა და შესაძლებლობების აღდგენის (REPO)" აქტს ეფუძნება, რომელიც აშშ-მ 2024 წლის აპრილში მიიღო. ამ კანონმა აშშ-ს მთავრობას იურიდიული უფლებამოსილება მიანიჭა, რათა აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ მყოფი რუსული სუვერენული აქტივები უკრაინის დასახმარებლად ყოფილიყო გამოყენებული.
REPO-ს ფარგლებში აშშ-მ უკრაინისთვის დიდი შვიდეულის $50-მილიარდიანი სასესხო პაკეტის $20 მილიარდი დაფარა. აღნიშნული სესხის გადახდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით ხდება. თუმცა, SABER აქტით გაყინული რუსული აქტივების გამოყენება სამხედრო აღჭურვილობის შესასყიდადაც იქნება შესაძლებელი.
"REPO აქტმა მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა გაყინული რუსული აქტივებიდან მილიარდობით დოლარის ჩამორთმევა-გადამისამართებისთვის, რათა უკრაინელ ხალხს თავიანთი სუვერენიტეტის დაცვაში დავხმარებოდით მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში არაპროვოცირებულად შეიჭრა." – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა.
"სახსრების გამოყენებაზე კანონით დაშვებული საზღვრების გაფართოებით, რათა უკრაინის არსენალი შეივსოს, ეს კანონპროექტი კიდევ უფრო მეტს იზამს რუსული აგრესიის წინააღმდეგ დასაცავად ჩვენი მოკავშირის დასახმარებლად და აიძულებს პუტინს, რომ უკრაინის შეიარაღების ხარჯები გადაიხადოს." – დაამატა მან.
კანონპროექტი კონგრესში რესპუბლიკელმა სენატორებმა, ჯონ კორნინმა, როჯერ უიკერმა და ჩაკ გრასლიმ, და დემოკრატმა სენატორებმა, ტიმ კეინმა, კრის კუნსმა და შელდონ უაითჰაუსმა, წარადგინეს.




