აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ამერიკული და ირანული დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდნენ

Fabrice Coffrini/Pool via REUTERS 

ამერიკული და ირანული დელეგაციები სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდნენ

არსებული ცნობებით, მოლაპარაკებები ბიურგენშტოკის კურორტზე ჩატარდება.

ამერიკულ და ირანულ დელეგაციებთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას შუამავალი ქვეყნის, პაკისტანის გუნდიც, მათ შორის, პაკისტანის პრემიერი შეჰბაზ შარიფი, მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკულ დელეგაციას ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, ირანულ მხარეს კი - ქვეყნის პარლამენტის სპიკერი, მოჰამად ბაღერ ღალიბაფი. 

ვენსმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ მოლაპარაკებების დროს მთავარ ყურადღებას ირანის ბირთვულ პროგრამას და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას დაუთმობენ.

"იმედია, პროგრესი გვაქვს ბირთვულ საკითხსა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე. ვფიქრობ, ეს არის ორი დიდი რამ, რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ". - თქვა ვენსმა. 

ვენსის გარდა, ამერიკულ დელეგაციაში შედიან ჯარედ კუშნერი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის მიხედვით, ირანის დელეგაციაში ასევე შედიან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე, ალი ბაღერი და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ესმაილ ბაყაი.

ცნობისთვის, გუშინ ირანის ცენტრალურმა სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ხელახლა დახურავდნენ ლიბანში ისრაელის იერიშების გამო, რასაც თეირანი აშშ-სთან დადებული შეთანხმების დარღვევას უწოდებს.

Fox News-თან საუბრისას ვენსმა თქვა, რომ ლიბანში დაპირისპირებების მიუხედავად ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა სროლა "საკმარისი დროის განმავლობაში" უნდა შეწყდეს, რათა ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდეს.

"იქ ვითარება რეალურად უმჯობესდება. [...] დიდი პრობლემა ისაა, რომ ვიღაც ისვრის და შემდგომ ვიღაც პასუხს გასცემს. უბრალოდ საკმარისი დროის განმავლობაში უნდა შეწყვიტო სროლა, რათა ცეცხლის შეწყვეტამ გაძლოს". - თქვა ვენსმა. 

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყება 19 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა, შეხვედრა წინა დღით "ლოჯისტიკური" მიზეზებით გადაიდო.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებს დაარტყეს მას შემდეგ, რაც მათივე ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ გასულ ღამეს მათი სამხედროების მიმართულებით 50-ზე მეტი ჭურვი ისროლა. 

კომენტარები