NATO-რუსეთი

პუტინი რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნებზე: რუსეთი იმოქმედებს გეგმის მიხედვით

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, NATO-სთან მიმართებაში, გეგმის მიხედვით იმოქმედებს.

"რაც შეეხება როგორ იმოქმედებს რუსეთი მომავალში – გეგმის მიხედვით. და რისგან შედგება ის? ადგილზე არსებული რეალური სიტუაციისგან. ვინ შეძლებს პასუხი გასცეს თუ როგორ განვითარდება რეალური სიტუაცია? ჯერჯერობით ვერავინ. ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ვეცდებით, რომ ჩვენს პარტნიორებთან მოვილაპარაკოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ წამოვაყენეთ დიპლომატიური გზით გადასაჭრელად", – ამბობს პუტინი. 

მან ასევე ახსენა, რომ რუსეთი მზადაა ისაუბროს იმ საკითხებზეც, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების მოთხოვნების პასუხად აშშ-სგან და NATO-სგან მიიღეს. თუმცა, ამაზე რუსეთი მხოლოდ იმასთან ერთად ისაუბრებს, რაც მათთვისაა მნიშვნელოვანი. 

ამას გარდა, პუტინი გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვაში ხსენებულ სიტყვას, რომ როგორც უკრაინას ახლა NATO-ში შესვლა არ შეუძლია.

"NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. თქვენ თქვით შესანიშნავი ფრაზა "ამბობენ, რომ ახლო წლებში უკრაინა NATO-ში ვერ შევა". რას ნიშნავს "ამბობენ"? ხომ უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს "ამბობენ" სახeლმწიფოთაშორის ურთიერთობაში? უკვე 30 წელი "ამბობენ", რომ NATO-ს გაფართოება საერთოდ არ იქნება, ერთი დიუმითაც კი რუსეთის საზღვრების მიმართულებით. დღეს კი ვხედავთ NATO-ს ინფრასტრუქტურას პირდაპირ ჩვენს სახლთან, მეტიც, განიხილება უკრაინის NATO-ში შესვლის საკითხი. როგორც თქვით, "ამბობენ", რომ ეს არ მოხდება ხვალ. და როდის? ზეგ? და რას ცვლის ეს ჩვენთვის ისტორიულ პერსპექტივაში? თანაბარი ანგარიშით არაფერს. გვესმის, რომ უკრაინა დღეს NATO-ში შესვლისთვის მზად არაა, ჩვენ ვიცით ეს თეზისი. და ასევე ამბობენ, რომ მას ხვალ არ მიიღებენ. და მაშინ მიიღებენ, როცა ამისთვის მოამზადებენ? მაგრამ ეს ჩვენთვის შეიძლება უკვე გვიანი იყოს. ამიტომ, ჩვენ ამ საკითხის ახლა გადაწყვეტა გვინდა. პირდაპირ ახლა, ახლო მომავალში, მოლაპარაკებების პროცესით", – ამბობს პუტინი და გამოთქვამს იმედს, რომ დასავლეთში რუსეთის შეშფოთებებს სერიოზულად მიიღებენ.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები