დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის რადა მსოფლიოს მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა არ აღიაროს

უკრაინის რადა
unian.net

უკრაინის რადა მსოფლიოს მოუწოდებს ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიაროს. 

კერძოდ, უკრაინის რადა მიმართავს გაეროს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, NATO-ს, მსოფლიო ლიდერებს და პარლამენტებს, არ აღიარონ უკრაინის ოკუპურებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. 

მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის უმაღლესი რადა კატეგორიულად გმობს რუსეთის მცდელობებს ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობებს და მსოფლიოსაც ამისკენ მოუწოდებს. 

ასევე, რადა მსოფლიო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს მოუწოდებს დაადასტურონ და მხარი დაუჭირონ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

გარდა ამისა, უკრაინის რადა ორგანიზაციებს მოუწოდებს მკაცრად დაგმონ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ზოგადად მსოფლიოში და კონკრეტულად უკრაინაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისკენ. 

უკრაინა ასევე ითხოვს ქვეყნის საზღვრებთან არსებული სიტუაციის გამო, გაერომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართოს. შესაბამისი დადგენილების მიღებას სხდომათა დარბაზში რეგისტრირებული 369 დეპუტატიდან 331-მა მისცა ხმა. 

უკრაინის რადას მიმართვას წინ უძღოდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დუმის დეპუტატებაა მხარი დაუჭირეს, რუსეთის პრეზიდენტისთვის ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების მოთხოვნით მიმართვას. 

გადაწყვეტილებას მხარი 351 დეპუტატმა დაუჭირა, 16 წინააღმდეგი იყო, ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამასთანავე დუმამ მხარი არ დაუჭირა დადგენილების ალტერნატიულ პროექტს, რომლის მიხედვითაც მიმართვის ტექსტი კონსულტაციებისთვის ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უნდა გადაეგზავნათ.

დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, დადგენილებას ხელი დაუყოვნებლივ მოეწერება და გადაეგზავნება პრეზიდენტს.

"დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის და საგარეო საფრთხისგან რესპუბლიკების მოქალაქეების დაცვისთვის." – თქვა ვოლოდინმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო და დე-იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას.

დღეს, 15 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო წვრთნების დასრულებასთან მიახლოების პარალელურად რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად ემზადებიან.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

 

 

კომენტარები